ესტონეთმა რუსული ეკლესიის წარმომადგენლები დაიბარა მას შემდეგ, რაც პატრიარქ კირილის ხელმძღვანელობით მოქმედმა საბჭომ უკრაინის ომს "წმინდა" უწოდა

ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები საუბარზე მიიწვია იმის გამო, რომ გლობალური რუსეთის სახალხო კრებამ, რომელსაც პატრიარქი კირილი ხელმძღვანეობს, უკრაინაში მიმდინარე ომს „წმინდა“ უწოდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ლაური ლეანემეცმა განაცხადა.


მინისტრმა აღნიშნა, რომ პატრიარქ კირილის განცხადებები მიუღებელია და შინაგან საქმეთა სამინისტროს სურს, იცოდეს ოფიციალური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ, ისინი სამშაბათს დილით მიიწვიეს საუბარზე.


„სხვა საკითხებთან ერთად, პატრიარქმა თქვა, რომ ომი უკრაინის წინააღმდეგ არის ომი მთელი დასავლეთის, ანუ ჩვენ წინააღმდეგ (...) წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში რომელიმე დასავლურ სახელმწიფოში რელიგიურმა ლიდერმა ასე წაახალისოს ომი,“ - განაცხადა ლაენემეცმა. მინისტრმა გაიხსენა, რომ ესტონეთში სიძულვილის გაღვივება და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერის გამოხატვა აკრძალულია. მან აღნიშნა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას ესტონეთში 100 ათასამდე მორწმუნე ჰყავს.


27 მარტს მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა „გლობალური რუსეთის სახალხო კრების“ ბრძანება (საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც თავმჯდომარეობს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი) რომელშიც უკრაინის ომს "წმინდა" უწოდეს. მასში ნათქვამია. რომ „თანამედროვე უკრაინის მთელი ტერიტორია უნდა შევიდეს მხოლოდ რუსული გავლენის ზონაში.“ ფორმალურად, დოკუმენტს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, თუმცა, VRNS-ის მუშაობაში მრავალი საეკლესიო იერარქი და ეკლესიასთან დაკავშირებული საზოგადო მოღვაწე მონაწილეობენ.


ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ჩამოაყალიბა უფრო ფართო ნაციონალისტური იდეოლოგია უკრაინის ომისა და რუსეთის ექსპანსიონისტური გეგმის გარშემო.